SVANSETY

Wednesday, February 18, 2009

ფესტივალი სვანსეტი მესტიაში 2007 წელს ჩავატარეთ. სექტემბრის 3 ვიქენდი დავდიოდით ავტობუსით - დიდი ტანჯვაა დამეთანხმეთ, 10 საათი ჯაყჯაყი, ხან ქვა დაგეცემა, ხან გზა ჩამოიშლება და ასე შემდეგ... მაგრამ ღირდა, აი ძალიან ღირდა. ჩვენ პირველებმა სვანეთში DJ-ები ჩავიყვანეთ და მესტიის კოშკებს "როკ" მუსიკა ვასმენინეთ - Green Mama, String, Zumba, DJ Bero, Mixo & Ciga.

მაგრაამ ასეთი ბუნება თუ გვქონდა... აი არ ვიცოდი რა... ძალიან ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობთ...





















Svansety

ავტორი: ანიჩკა სიხარულიძე - for Ozoni

სად არ მოგვიწყვია კონცერტები – დარბაზებში, კლუბებში, პარკებში, ქუჩებში, მოედნებზე, ზღვაზე... მაგრამ არასდროს წარმომედგინა, რომ კონცერტს სვანეთში ჩავატარებდით, თან არაერთს, და თან წარმოუდგენლად წარმატებულს. საზოგადოდ, სვანეთი ბევრი ჩემნაირი თბილისელი არსებისთვის, რაღაც კარჩაკეტილი, საქართველოს ყველაზე მოშორებული, ქვა-კლდე-ყინულოვანი ნაწილია, სადაც ჩასვლა (ანუ ასვლა) დიდი პრობლემაა, სადაც ხალხს იტაცებენ, აყაჩაღებენ და სისხლის აღების წესი დღემდე აქტუალურია. არ დაიჯეროთ – ეს ყველაფერი ტყუილია, და ჩემდა გასაკვირად მითია! ერთადერთი რაც სვანეთზე მოსაყოლი ამბებიდან უსიამოვნო მოგონებებს მგვრის, პირველი გამგზავრებაა – 10-11 საათი გაუნძრევლად მარშრუტკაში ჯდომა, და ყოველ წამში “მალე ჩავალთ?” კითხვის მოსმენა ცოტა არ იყოს დამღლელია. თუმცა ეს მხოლოდ პირველად, მერე ეჩვევი და გსიამოვნებს კიდეც.

დავიწყებ იმით, რომ სვანეთის ისტორიაში პირველმა პრეცენდენტმა - როკ კონცერტმა და დიჯეი სეტმა და თან ღია ცის ქვეშ წარმატებულად ჩაიარა.

15 სექტემბერი – Green Mama და DJ Mixo (Louder)

სანამ უსუალოდ კონცერტის ამბებზე გადავალ, აუცილებლად უნდა მოგიყვეთ სვანეთში ჩვენი პირველი დღის შესახებ: პირველი ისაა, რომ ფესტივალის მასპინძელი აჩიკო გულედანი, სვანეთში ბოლოს 7 წლის ასაკში იყო, და ვინც არ შეხვდა, ყველამ ხარი დაუკლა. აჩიკოს სვანურ რახთან ბრძოლაც მოუხდა – ბრძოლა აჩიკოს გამარჯვებით დამთავრდა. მეორე ისაა რომ მწვანე ოთახის კლავიშნიკი ბექა აჩიკოს უახლოესი ნათესავი გამოდგა – აი რატომ გვიყვარდა ასე ერთმანეთიო, დაასკვნეს. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი რედაქტორი - სერგი გვარჯალაძისადმი სიყვარულმა გადაფარა. აღმოჩნდა, რომ სერგი და მისი გადაცემა კომუნიკატორი დღემდე ახსოვთ, და უყვართ. ეს სიყვარული (შენ რომ მაჩუქე აღარ მინდა) იმდენად ღრმა და გულწრფელი გამოდგა, რომ ჩვენმა მასპინძელმა, ემზარ მუშკუდიანმა სერგი სუფრაზე თამადად დანიშნა და ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი - საკარცხულის მახშვის სკამი აჩუქა...

კონცერტის წინ საკმაოდ ვნერვიულობდი, როგორ მიიღებდა სვანი მსმენელი მძიმე მუსიკას, გრეენ მამა საზოგადოდ, როგორც ხალხში ვამბობთ ხერხავს ხოლმე... დიჯეიზე კი საერთოდ მაკანკალებდა, ვიცოდი რომ მიქსო დაბსტეპის დაკვრას აპირებდა, რომელიც სვანეთში მართლა ჯერ არავის მოუსმენია. ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიკვირდა, როდესაც მესტიის ცენტრში, მიტოვებული ტურბაზის ეზოში, ნატურალური დეკორაციის - სვანური კოშკების ფონზე საგულდაგულოდ მოწყობილი სცენის წინ 300 კაცამდე შეიკრიბა, და დიდი მონდომებით უცდიდა კონცერტის დაწყებას. კონცერტის დასაწყისში ჯგუფმა “Green Mama” ქავერები დაუკრა. პროგრამა ძალიან კარგად იყო შერჩეული, ბიჭები ნელნელა გახურდნენ, და ჩემდა გასაკვირად, “Red Hot Chili Peppers” ის “Californication” ის სიმღერისას ხალხს რომ გადავხედე დავინახე - სიმღერა არა მარტო გაეგოთ არამედ ტექსტიც იცოდნენ. აი ამ დროს კი ამოვისუნთქე და დავმშვიდდი. პუბლიკამ როკი მიიღო. Mix'o-მ ბავშვები ააცეკვა, რომლებიც საკმაოდ აქტიურობდნენ და სცენაზე აძრომას ლამობდნენ.

22 სექტემბერი – ზუმბა და DJ Bero (Louder)

ზუმბას კონცერტზე გაცილებით ბევრი ხალხი მოვიდა, ტურბაზის ტერიტორიაზე ადგილი აღარ დარჩა. აქ არამარტო მესტიის მაცხოვრებლები არამედ გარშემო სოფლებიდან ხალხიც შემოგვემატა. ხო, არ დამავიწყდეს იმის თქმა, რომ სვანსეტის დროს, და მანამდეც ტურიზმი დეპარტამენტი სვანეთში იაფფასიან ტურებს ატარებდა, შეგეძლო წასულიყავი პარასკევს დილით, გეცხოვრა ულამაზეს მინდორზე კარვების ბანაკში, (რომელიც სხვათაშორის საკმაოდ კეთილმოწყობილი და “ევროპულ დონეზე” ორგანიზებული იყო) და კვირას დილით თბილისში დაბრუნებულიყავი. ამას ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ბანაკის მაცხოვრებლები ძალიან დაგვეხმარენ სვანური მოსახლეობის აცეკვებაში. ზუმბას სვანეთში ყველა იცნობს, წელს მან უშგულში კონცერტი გამართა, არტ გენის ტურის დროს. სვანსეტის მეორე დღე სიმღერით “გამარჯობა აფხაზეთო” გახსნა და დახურა: გამეორება ცოდნის დედააო დაამატა. პუბლიკა სიმღერას დიდი ენთუზიაზმით მღეროდა. აგრეთვე კარგად იცოდნენ ზუმბას სიმღერები “ვაშლის გამყიდველო” და “ზუმბა ვარ და არცა ვმალავ”, რაც თავად ზაზა კორინთელსაც გაუკვირდა. ზუბას სცენიდან ჩამოსვლა ძალიან გაუჭირდა, რადგან თაყვანისცემელთა ჯარი დახვდა სცენის კიბეებთან ავტოგრაფის და სურათების გადაღების ხოვნით.
თუ ზუმბამ სვანეთი აამღერა – ბერომ სვანეთი ააცეკვა! ამჯერად უკვე მშობლებიც ცეკვავდნენ ბავშვებთან ერთად. დისკოთეკაზე ქცევის წესებთან დაკავსირებული პატარა კურსის ჩატარების შემდეგ დიჯეისთან პაუზების დროს ხალხი ხელებსაც მაღლა წევდა, ბას ბოჩკის შესვლებზე ჰაერში ხტებოდა და ტაშსაც დროულად უკრავდა.

29 სექტემბერი – String (Step Records) და DJ Ciga (Louder)

ისევ უამრავი ხალხი, ისევ კმაყოფილი სახეები, ისევ ფანტასტიკური ხედი სცენის უკან და ჯგუფი სტრინგი სცენაზე. ამ კონცერტზე ხალხის აქტიურობამ აპოგეას მიაღწია – სტრინგმა ჯერ საკუთარი სიმღერები იმღერა (სვანებს ბრიტ პოპიც ყვარებიათ), ხოლო როდესაც ყველასთვის კარგად ნაცნობმა საფეხბურთო ნაკრების ფან კლუბის ჰიმნმა – “ჩვენ ერთი გუნდი ვართ” გაიჟღერა, თავი სტადიონზე ეგონა. როდესაც იგივე სიმღერა მეორეჯერ ამღერეს და ასე 30 კაცი სცენაზე შემოემატა და მიკროფონში გაჰღნაოდა კარგად ნაცნობ სიტყვებს, დარწმუნებული ვარ სტრინგის ვოკალისტს, ქვინს – დათო ლომიძეს თავი უემბლის სტადიონის სცენაზე ეგონა! კონცერტი და მთლიანად ფესტივალი დიჯეი ციგამ დახურა, რომელმაც საბოლოდ შეაყვარა სვანებს ბრეიკ ბიტი.



პირადად ჩემგან ორ რამეს დავამატებ:
არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ყველა მუსიკოსს, რომლებმაც ამ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა, მთელ ტექნიკურ პერსონალს და განსაკუთრებით ჩემ თანამშრომლებს – დათო ადუაშვილს, თოკა გელაშვილს, და ნიკა ზაუტაშვილს რომლებმაც ბევრი იმუშავეს, რომ ეს ფესტივალი გამოსულიყო. და კიდევ, მე შეყვარებული ვარ - სვანეთზე ლამაზი ადგილი მე არსად მინახავს. უფრო რომანტიკული რომ ვიყო, გეტყვით, რომ ამდენი ვარსკვლავი (ციური სხეული და არა “ესტრადის ვარსკვლავი”), ხეები, მთები და სოკოები (ისინი რომლებსაც საკვებში იყენებენ) ერთად არასდროს მინახავს. ასეთი გემრიელი საჭმელიც დიდი ხანია არ მიჭამია და ასეთი კარგი ხალხიც დიდი ხანია არ შემხვედრია. ჩემი შთაბეჭდილებების გაზიარება მაისფეისის მეშვეობით შემიძლია, სადაც კონცერტების სურათები და რამდენიმე ვიდეო დევს. ფესტივალის მისამართია: www.myspace.com/svansetfestival

4 comments:

Lalena said...

აუუუუუუუუ რა ძააან ძააან მინდა სვანეთში და ვერასდროს მოვახერხე :(((

უბრალოდ said...

გამახსენდა ეგ კარგი დრო, მართლაც მაგარი იყო ფესტივალიც და სვანეთიც
ღირდა ამხელა გზაზე ჯაყჯაყი : )
მერე ღამე კოცონი და გიტარა!
კიდე მინდა :)

პ.ს. მშვენიერი ბლოგია!

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

აააუუჩ ისხარ შენ ოზონელიიი ?>:D< ააა გამიხარდიი =)
ზაან მიყუარდა ჟურნალი , ტოისწ ერთადერთი რასაც ვყიდულობდი ..:(

Anichka Sikharulidze said...

არ იდარდო - მალე ონლაინ ოზონს გავაკეთებთ :)

Post a Comment

 
Anichka and everyone around. Design by Pocket