CUM ON ENGLAND

Sunday, March 8, 2009

ეს ჩემი ძველისძველი სტატიაა, ფაქტიურად პირველია - მადლობა სერგი გვარჯალაძეს რომ წერის საშუალება მომცა :)


COME ON ENGLAND – Anichka Sikharulidze for Ozoni

რეკორდ ლეიბელში ვმუშაობ და სტიპენდია მოვიგე არტ მენეჯერებისთვის... მანჩესტერში წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ქალაქი მუსიკალურ ინდუსტრიაში ევროპაში სიდიდით მეორე ქალაქად ითვლება, პირველი ლონდონია. მანჩესტერში დაახლოებით სამასი ათასი კაცი მუშაობს მუსიკის სფეროში, რაც თავის თავში დაახლოებით სამ ათასამდე ბენდს მოიცავს, ასამდე ლეიბელს და აუარებელი რაოდენობის საპრომოუშენო კომპანიას, მუსიკალურ საზოგადოებას თუ უბრალოდ თავისუფალ აგენტს. 3 წლის წინ ჯგუფ “Soft Eject”-თან ერთად ორჯერ უკვე ვიყავი ნამყოფი კონცერტებით და ჯგუფის იქაურმა მენეჯერმა რეი ლისონმა თავის საპრომოუშენო კომპანიაში დამპატიჟა სამუშაოდ.


05.07.2006 – მივფრინავ... პირველად ცხოვრებაში მივფრინავ მარტო. ცოტა არ იყოს მაკანკალებს. საკუთარ თავზე ვარ დამოკიდებული... იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. ეს ფრენებიც რა აუტანელ დროსაა, დილის ხუთი საათი რა ამბავია...
06.07.2006 – ჩამოვფრინდი! ინგლისი ისეთივე მწვანეა, როგორიც დავტოვე, უბრალოდ ფეხბურთი იწყება და ყველა სახლზე, მანქანაზე თუ ავტობუსზე წმინდა გიორგის დროშებია გადმოკიდული და სიმწვანეს თეთრი და წითელი ფერებიც შეერია. საქართველოს მაგონებს...
09.07.2006 – ფეხბურთიც დაიწყო. სამუშაოც ბევრია, თამაშებს ჩვენ კლუბში აჩვენებენ დიდ ეკრანზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენ კლუბში თუ ფაბში... ბილეთები ერთი თვით ადრე გაუყიდიათ, დაქრიან ეხლა ეს ინგლისელები და ამაზრზენი მანჩესტერული დიალექტით გაჰკივიან “CUM OOON ENGLAND, CUM OON”. თურმე აქ ყველას სიმღერა შეუძლია. საქმე ფეხბურთს რომ შეეხო, ყველა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვდა - ბოლო ხმაზე მღერიან, აბრახუნებენ და რაც მთავარია სვამენ აუარებლად ბევრ ლუდს. ცხოვერბის წესი მაგიჯებს – სამსახურიდან სახლშიც არ მიდიან, ეგრევე ფაბში გარბიან დასალევად. ხო, დღეს პირველად მივდივარ აქაურ კონცერტზე, ერთი ძალიან მაგარი ისლანდიური ბენდია ჩამოსული Cynic Guru და მოსმენა მინდა, წავედი, თორემ აქ მატარებლები აგვიანებენ.
10.07.2006 - ისლანდიელებმა მასიამოვნეს. ვოკალისტი რეიკიავიკის სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლინოა და სიმღერის დროს ამავე ინსტრუმენტზე უკრავს, კარგი დრაივია და კარგი მუსიკა. თბილიში ბევრს მოეწონება. კიდევ ერთი მუსიკოსი მომეწონა – დენის ჯონსი, აქვს მიქშერი და სემპლერი, უკრავს აკუსტიკურ გიტარაზე, სცენაზე აწყობს ტრეკს, ასე 3-4 წუთი ამ აწყობას უნდება. დაუკრავს ერთ ტაქტს, დალუპავს, მერე დააბრახუნებს გიტარაზე, რითმს დაადებს, ამასაც დალუპავს, მერე მიქშერზე რამე დილეის დაადებს ამასაც დალუპავს... და საბოლოო ჯამში ისეთი კარგი მოსასმენი გამოდის – ფაქტიურად ცოცხალი ელექტრონიკა – დენისი კაცი დიჯეია. ისლანდიელებიც გავიცანი და დენისიც, თბილისში დავპატიჟე, დისკები მაჩუქეს და ავტოგრაფიც მომცეს.
11.07.2006 – აქ იმდენი კონცერტი ტარდება, დაიბნევი ადამიანი. ცოხცალი მუსიკის შესრულებისთვის განკუთვნილი პატარა დარბაზები იმდენია, რომ 1 თვის განმავლობაში, ყოველდღე რომ იარო, ყველას ვერ მოივლი. ყოველდღიურ გაზეთ “Manchester Evening News” შუა 4 ფურცელი მხოლოდ აფიშებით არის ავსებული და ძალიან რთულია არჩევა თუ სად წავიდე, მართლა დავიბენი. ყველა ბენდი თუ მუსიკოსი შესაფერისი ადგილის დასაკავებლად იბრძვის. მაგრამ ერთ პატარა პრობლემაა – გადასახადი, რომელსაც ჯგუფებს უხდიან 2 საათიანი კონცერტის ჩასატარებლად მაქსიმუმ 100 ფუნტია, რაც 330 ლარს წარმოადგენს, იქნება ეს ლეიბელში გაწევრიანებული თუ “თავისუფალი” ბენდი, გადასახადი არ იცვლება. მაგრამ პრინციპი, სცენაზე დაკვრა სარეპეტიციოში ჯდომას ჯობიაო, ყოველთვის ამართლებს. ასეთი კონკურენციის პირობებში რთულია რამეს მიაღწიო და მსოფლიოში ცნობილი გახდე, თუმცა ზოგიერთებს უმართლებს. თუ მანჩესტერში პოპულარული ხარ, დიდი შანსი გაქვს ვინმე ბუმბერაზმა შეგნიშნოს. ერთი ბენდი მოვისმინე “The Rook and the ravens” და ძალიან მომეწონა. როგორც აღმოჩნდა მარტო მე არ მომწონებია და “SONY BMG”-ც დაინტერესებულა. მაგრამ ბენდი უკვე საკმაოდ პოპულარული უნდა იყოს, რომ ლეიბელში გაწევრიანდეს, ხოდა უკრავენ ეგ ბიჭები თითქმის უფასოდ (100 ფუნტი ხომ არაფერი არაა) სამაგიეროდ ნახევარი მანჩესტერი და ლივერპული უკვე სახეზეც ცნობს. იმედია გაუმართლებთ.
14.07.2006 – 14-16 ივლისს ფესტივალი გვაქვს გლოსოპში დაგეგმილი და ვემზადებით. რეის ოთხი საათი დასჭირდა ფესტივალის ორგანიზებისთვის – არტისტებს შეუთანხმდა, დარბაზებსაც, პრეს რელიზებიც და პოსტერებიც ამ დროში გააკეთა. ეხლა სარეკლამო კამპანია გვაქვს. რადიოებში და გაზეთებში დავდივართ და ინტერვიუებს ვიძლევით, აქ ძალიან ცხელა, ასეთი ცხელი ზაფხული დიდი ხანია არ ყოფილა.
28.07.2006 – ლონდონში ვიყავი 5 დღე. სატელეფონო კომპანია “O2” ფესტივალს აწყობდა ლონდონის ჰაიდ პარკში. მასშტაბურობამ ცოტა არ იყოს დამაბნია, 5 სცენა – ცენტრალური სადაც გამოვიდნენ Depeche Mode, Massive Attack, James Blunt, Goldfrapp, The Strokes, DJ Shadow; myspace სცენა, სადაც ყველაზე პოპულარული მაისფეისელები გამოდიოდნენ, პოპულარული რადოისადგურ XFM-ის სცენა, სადაც ინგლისელი ცნობილი DJები უკრავდნენ, აკუსტიკური სცენა და VIP სცენა, სადაც მხოლოდ O2 – ის აბონენტებს შეეძლოთ შესვლა, და სადაც მე ვერ მოვხვდი, რადგან O2-ს ვოდაფონი ვამჯობინე, და ეხლა O3-სთვის ვწერ... თუმცა ის რაც ვნახე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ მივმხდარიყავი – საქართველოში კონცერტის ჩატარებას კიდევ ასე 10 წელი ვერ ისწავლიან. ცენტრალურ სცენაზე დღის 3 საათიდან ღამის 12 მდე რვა ჯგუფი გამოდიოდა. ჯგუფებს შორის შესვენება დაახლოებით 20-30 წუთი იყო. აბსოლუტურად ყველა ჯგუფს ჰქონდა თავისი დეკორაცია, რომლის შეცვლაც ინგლისელი სცენის მომსახურე პერსონალისთვის საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას. არც კონცერტი აგვიანებდა, არც აპარატურა ფუჭდებოდა, არც მიკროფონი წუოდა, ამოდენა პარკში დინამიკების წინ მდგარს მუსიკაც არ მაყრუებდა და გვერდით მდგარი ხორვატიელი გოგოს ლაპარაკიც მშვენივრად მესმოდა.
Depeche Mm\ode-ის კონცერტს გვერდს ვერ აუვლი და ვიტყვი რომ ეს ყველაზე კარგი, ლამაზი და შთამბეჭდავი კონცერტი იყო, რაც მე ცხოვრებაში მინახავს. ასეთი პერფორმანსი, ასეთი განათება და ასეთი კარგი სიმღერები, რომელიც სხვათაშორის სულ ყველა რემიქსული ვარიანტით შესრულდა ძალიან იშვიათია. ყველაზე კარგი ის იყო, რომ ორმოც წუთიანი კონცერტის მაგივრად საათი და ორმოცი იმღერეს, ყველა სიმღერა გვამღერეს, ლამის ხალხში გამოსვლაც სცადეს, მაგრამ დაცვამ არ გამოუშვა.
რემიქსებმა და დიჯეებმა ხომ საერთოდ გადამრიეს. პირველ რიგში გავიცანი ქართველი დიჯეები – სიხა, ოთო და ლევან ჯავახიშვილი, რომლებიც ძალიან წარმატებულად უკრავენ ლონდონის სხვადასხვა კლუბებში. მაგრამ “ენდ” კლუბში ნანახ, მოსმენილ და ნაცეკვ ღამეს ალბათ არასოდეს დავივიწყებ. წარმოიდგინეთ როგორი შოკია, როდესაც შემთხვევით შედიხარ შენთვის უცნობ კლუბში და ხედავ კეირან ჰებდენს (Four Tet), რომლის მუსიკასაც თბილიში დღე და ღამე უსმენ. ამას კიდევ უარესი შოკი მოყვება, გადადიხარ სხვა ოთახში და პულტთან ტიმო მაასი დგას და Depeche Mode-ის Enjoy the silence-ის რემიქს გიკრავს, თან ისე ახლოა რომ სურათის გადაღებაც შეგიძლია, და ხელის ჩამორთმევაც...
01.08.2006 – ინგლისის ნაკრებმა პორტუგალიასთან წააგო. ქვეყანაში ტრაურია.
02.08.2006 - ქვეყანას თითქოს ტაიფუნმა გადაუარა, გაქრა ყველა დროშა, მაღაზიებში ვეღარსად ნახავდით ბურთსაც კი – ინგლისს ფეხბურთი შეზიზღდა...
11.08.2006 - დღეს Red Hot Chili Peppers -ის “Stadium Palladium”-ზე, წავედი მანჩესტერის არენაზე. თამამად ვიტყვი რომ ეს ალობომი მე არ მომწონს და ამიტომ კონცერტმაც ცოტა არასასიამოვნო შთაბეჭდილება დამიტოვა – ბავშვობის ოცნება დამემსხვრა... დაკრულიც არ მომეწონა და ხმაც. ყველაზე მეტად კი პუბლიკა არ მესიამოვნა. კარი ხუთზე გაიღო, კონცერტი კი შვიდზე დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ყველამ დათრობა მოასწრო და როგორც კი ჯგუფი სცენაზე გამოჩნდა ხალხი გადაირია და ისეთი ჭყლეტვა ატყდა, რომ ძლიერ დავზიანდი და ფეხი დღემდე მტკივა. მერე როგორც ჩანს წყლის დასხმა დაგვიწყეს გასაგრილებლად, სრულიად დაგვასველეს და გაგვანადგურეს. მოკლედ კონცერტმა არ გაამართლა.
17.08.2006 - ინგლისელებს ერთი თავისებურება ახასიათებთ – ყველაფრისგან დღესასწაულს ქმნიან. საჭმლის ფესტივალი იქნება, ლუდის თუ გეების, ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ თვალს ვერ მოაშორებ. ფესტივალები ტარდება ყველგან და თითქმის ყოველდღე, მთავარია მიზეზი იყოს. ჩემი ფესტივალიც წარმატებულად ჩატარდა ამ დროს გლოსოპში ერთდროულად 2 ფესტივალი გაიმართა - Lift Global Music Festival და The Fringe Festival (ეს ჩემია). პირველი წორლდ მუსიც-ს ემსახურებოდა, მეორე ბრიტანულ აკუსტიკურ მუსიკას, ბრიტანულ ბლიუზს (რომელიც მართლაც ბრიტანულია) და კიდევ რამოდენიმე უცნაურ ავსტრალიურ და კანადურ ბენდს. The Fringe Festival -ს ცოტაოდენ დიდი ბიუჯეტი ჰქონდა, და ინგლისში ცნობილი მუსიკოსები ყავდათ – Transglobal Underground, Zuma, Doren Thobekile, The Peaddog Faeries, Newton Faulkner.. განსაკუთრებით გამოვყოფ Newton Faulkner– ს და Transglobal Underground – ს. Newton Faulkner 21 წლის ახალგაზრდა გიტარისტია. ჯიმი პეიჯმა და ბრაინ მეიმ რომ მოისმინეს, ეგრევე თავის ვეჩერინკებზე დაუწყეს დაპატიჟებები, საკმაოდ კარგი კონტრაქტებიც უშოვეს და “ლიუბიმჩიკადაც” აღიარეს. სასაცილოდ გავიცანი. ინდაური მოიტანეს შემწვარი, და მე ვჭრიდი, მოვიდა ვიღაცა ბიჭი და მშიაო, მაჭამეო... დავხედე და ვიცანი და მოიცადე ერთი წუთი მეთქი და გავიქეცი ვიზიტკის მოსატანად. ჯერ ვიზიტკა მივეცი, თბილისში დავპატიჟე და მერე ვაჭამე. მეორე ბენდი რომელიც მომეწონა Transglobal Underground ძალიან უცნაური გამოდგა, ვოცალისტს ყურის გამადიდებელი საყურე ქონდა და გაბარიტებით ძალიან დიდი ზანგი იყო. ყავდათ სიტარაზე დამკვრელი მშვენიერი გოგონა, გამაოგნებელი ტაბლისტი და დიჯეი. მღეროდნენ მშვიდობასა და რეინკარნაციაზე მაგრამ ცეკვის იმდენად დიდი სურვილი გიჩნდნენ, რომ რეინკარნაცია რა შუაში იყო ვერ მივხვდი.
The Fringe Festival ერთდროულად 3 ადგილას ჩატარდა – The Globe, Moon and the sixpence და The Star Inn. ჩემი ფუნქცია იყო გამეკონტროლებინა მუსიკოსები, აპარატურა და ხმის რეჟისორები. დავქროდი ერთი ადგილიდან მეორეში. ფესტივალზე 12 ბენდი თუ არტისტი გამოდიოდა – The Curragh Sons, Kristyna and the True Tones, Steve Kenny, Purple Gang Jug Band, Lindy Vopnfjord, bAd DoG, Stone Sole River, The Good, John Gomm, Fayze 2, Kirk McElhinney, Lisa Marie Glover, Roomtherteen და Jenny McCormick. წესიერად ვერაფერი ვერ მოვისმინე. თუმცა ყველაზე კარგი შთაბეჭდილება კერკ მაკელჰინიმ დამიტოვა. ბრიტანულ აკუსტიკურ ფოლკლორს მღერის. ყველა სიმღერა რაც შეასრულა ცოლს მიუძღვნა. ცოლი ყოველი სიმღერის დროს სენტიმენტალურად ტირდებოდა, კარგია ლამაზი სიყვარული...
ინგლისშიც ხდება ექსესები - გადაგვეწვა აპარატურა და არ ჩამოვიდა არტისტი. თბილისში ამ შემთხვევაში დაიწყებოდა ისტერიული რეკვები, კივილი, ნერვიულობა და ბევრი გინება. იქ უბრალოდ რეის ერთმა სატელეფონო ზარმა, ისიც ძალიან აუღელვებელმა და მოკლეხნიანმა მთელი პრობლემები გადაწყვიტა. აპარატურაც შეგვიცვალეს და მშვენიერი ავსტრალიელი დიჯირიდუზე დამკვრელიც მოგვიყვანეს – კევ ჰოვარდი. არასოდეს მეგონა რომ დიჯირიდუზე მელოდიის დაკვრა შეიძლებოდა. ჩემი წინა გამოცდილებით ეს ინსტრუმენტი მარტო ბზუოდა...
18.08.2006 - დღეს ამსტერდამში მივდივარ და მერე თბილისში. არ მინდა წასვლა, მაგრამ „როდინა ზავიოტ“. ჩავალ ეხლა თბილისში, დავკიდებ დიდ ინგლისის დროშას კედელზე და ვიყვირებ ყოველ კუთხეში „CUM ON ENGLAND“, ეგება და ვინმე გაიგებს და კიდევ ერთ სტიპენდიას მომაგებინებს...

2 comments:

OTO said...

„CUM ON ENGLAND“

გაასწორე რა, : D ცუდ ასოციაციებს იწვევს

Marika Kancheli said...

va ar aris cudi

Post a Comment

 
Anichka and everyone around. Design by Pocket